ავტორი: უშანგი ბახტაძე
კრიმინოლოგიის პროფესორი, ადვოკატი
მოდით სისხლის სამართალსა და მის მართლმსაჯულებას შევხედოთ, როგორც თეატრს, რომელშიც დრამატული ნაწარმოები იდგმება. ეს ჩემი იდეა არ არის, დაახლოებით 30 წლის წინ ამის გაკეთება ნორვეგიელმა კრიმინოლოგმა ნილს კრისტიმ ითხოვა, რომელიც თავის მხრივ, იურისტ თურმან არნოლდის გასული საუკუნის 30-იანი წლების იდეის გამოძახილია. სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემაში მიმდინარე მოვლენებზე საზოგადოების ზოგად წარმოდგენას თუ მივუსადაგებთ ჩემს მიერ კარგი დრამატურგიული დადგმისთვის დადგენილ კრიტერიუმებს მაშინ გამოვა შემდეგი: დადგმა კარგია, თუ მასში ადამიანის დამნაშავეობის/ბრალეულობის საკითხია წამოწეული. კერძოდ, ნამდვილად მან ჩაიდინა? კონკრეტულად რა ჩაიდინა მან? რამ უბიძგა რომ ეს ჩაედინა? ამ კითხვებზე პასუხს ყოველთვის დიდი დრო ეთმობა, მაგრამ შემდეგ უკვე, როდესაც სასჯელის გამოყენებაზე მიდგება საქმე აქ ინტერესი კლებულობს. თუ დადგმაში სასჯელია გადამწყვეტი ფაქტორი, მაშინ ეს დადგმა ჩემთვის დეფექტებს შეიცავს. თუმცა ეს ასეა არა მხოლოდ ჩემთვის, კიდევ ძალიან ბევრი ადამიანისათვის ეს სწორედ ასეა. სასჯელზე საუბარი დიდად საინტერესო არ არის. მართლაც, ანალოგიური მიდგომა არსებობს იმ პიესებში, რომელიც დიდი დრამატურგების შექსპირის ან იბსენის მიერ არის შექმნილი. ასეთი არათანაბარი გადანაწილებაა დოსტოევსკის დანაშაულში და სასჯელში, სადაც დანაშაულს გაცილებით მეტი ადგილი ეთმობა ვიდრე სასჯელს. ასეთი არათანაბარი გადანაწილებაა „ნეთფლიქსის“ უახლეს შოუში: „ანას გამოგონება“. ჩამონათვალი უსასრულოდ შეიძლება გაგრძელდეს.
ამ ნარკვევის მიზნებისთვის თანამედროვე სისხლის სამართლის დეფექტების სამი მახასიათებელი შეიძლება გამოიყოს: მისი არაუნივერსალურობა, კერძოდ რა თემებს არჩევს ის თავის დადგმებისთვის; მისი გამოყენების სიმარტივე და ის გარემო, რასაც მისი გამოყენება ქმნის. ეს გარემო მისაღები უნდა იყოს აუდიტორიისთვის.
პირველ რიგში საინტერესოა უმეტესად რა თემებს არჩევს სისხლის სამართალი თავისი თეატრისათვის, ანუ სასამართლოებისათვის? არის ეს კლასიკური დრამატული თემები? როგორიცაა: სიყვარული, ეჭვიანობა, სიძულვილი, სიამაყე ან სიკვდილი, რაც იდეაში ყველაზე საინტერესო უნდა იყოს? არა რა თქმა უნდა. ძირითადად იმ თემების ცენტრში რითიც სისხლის სამართალის მართლმსაჯულებაა დაინტერესებული ეკონომიკა, ქურდობა, ფული და საკუთრებაა. ამას გარდა ინტერესის სფეროა, ასევე, მოხმარების თემა, განსაკუთრებით ისეთის, რომელსაც დაზარალებული ან მსხვერპლი საერთოდ არ ჰყავს, როგორც ნარკოტიკის მოხმარების, ან ზოგიერთი სექსუალური შინაარსის ქცევის დროს შეიძლება არსებობდეს. ამის შემდეგ ყურადღება სხვა კრიტერიუმებზე უნდა გამახვილდეს, კერძოდ, ასახულია თუ არა დადგმაში ძირითადი ღირებულებები, წარმოჩენილია თუ არა შიდა კონფლიქტები, აჩენს თუ არა ის უფრო მეტ კითხვას ვიდრე სიცხადეს? და ეს კითხვები დაკავშირებულია თანამედროვე სისხლის სამართლის დარჩენილ ორ დეფექტურ მახასიათებელთან: მის სიმარტივესთან და მის მიერ შექმნილ გარემოსთან, რომელიც აუცილებლად მისაღები უნდა იყოს საზოგადოებისათვის.
სიმარტივე
დიქოტომიები სისხლის სამართლის ბუნებრივი შემადგენელი ნაწილია. სისხლის სამართლის გარდაუვალობა ვიღაცისთვის ტკივილის მიყენებაშია. ტკივილის მიყენებას სჭირდება სიცხადე, მკვეთრი გამიჯვნა თეთრსა და შავს, ცუდსა და კარგს, დამნაშავესა და უდანაშაულოს შორის. სისხლის სამართალის მიდგომები ყველაზე კარგად ასე აღიწერება: ან დამნაშავე ხარ, ან უდანაშაულო. რა თქმა უნდა, რეალურ ცხოვრებაში ბევრი გამონაკლისია. მაგალითად, დამნაშავე ხარ, მაგრამ რაღაც შემამსუბუქებელი გარემოების გამო, მხოლოდ 50 თეთრით ჯარიმდები. ან კიდევ უარესი, უდანაშაულო ხარ, მაგრამ იმ 9 თვეს რაც პატიმრობაში გაატარე, ვერაფერს მოვუხერხებთ, რადგან სისტემას დამნაშავე ეგონე.
ასეთი განგრძობადი ცვლადები უფრო კომფორტულად სამოქალაქო სამართალში გრძნობს თავს. სისხლისგან განსხვავებით, სამოქალაქო სამართალში ასეთი რადიკალური მიდგომები არ არის. სამოქალაქო საქმეებში მეტი კომპრომისია. მოდავე მხარეები შეიძლება მორიგდნენ. ყველაზე რთულ საკითხთან დაკავშირებულ საქმეებშიც კი, სადაც მაგალითად, ბავშვის მშობლისთვის მიკუთვნების საკითხი წყდება, მხარეები შეიძლება მორიგდნენ. ბავშვი დედასთან იქნება კვირის დღეებში, ხოლო უქმეებზე მამასთან. სამოქალაქო სამართლის სიკარგე ისაა, რომ ის ნახევრად უფლებებს, მეოთხედ უფლებებს ან უფლებების ფრაგმენტებსაც მშვენივრად იყენებს. ამის საპირისპიროდ სისხლის სამართალი, ან ყველაფერი ან არაფერის პრინციპს ემყარება.
უნდა ითქვას, რომ ასეთი გამარტივება დრამატული პიესებისთვის დამახასიათებელი არ არის. ჰენრიკ იბსენთან დარწმუნებული არაფერში ხარ. ჰედა გაბლერი მკვლელი იყო თუ მსხვერპლი? რა ჩანაფიქრი ჰქონდა დოქტორ სტოკმანს. ის მართლა გმირი იყო და წყლის დაბინძურებას ებრძოდა, თუ შეუვალი მორალისტი? მეტიც, იბსენს სწორედ იმისთვის აკრიტიკებდნენ, რომ მისი გზავნილები ხშირად გაუგებარი იყო. სიმარტივე მხოლოდ მის პასუხში არსებობდა, რომ აუდიტორიის აღქმები მისი საქმე არ იყო.
სისხლის სამართლის სიმარტივის ელემენტი მის სპეციფიურ პროდუქტში - სასჯელში უნდა ვეძებოთ. კერძოდ, სიმარტივე სისხლის სამართლის გამოყენებისას მოაზრებულ სარგებელშია. მისი გამოყენების საზომი ერთეული სასჯელია. რა უცნაურია, რომ დასჯის იდეას აქვს მიზანი, ანუ სასჯელს აქვს მიზანი. და კიდევ უფრო უცნაურია იმაზე ფიქრი, რომ ეს მიზანი დანაშაულის კონტროლია! რა საჭიროა სასჯელს რაიმე მიზანი გააჩნდეს?
წარმოიდგინეთ დაკრძალვის ცერემონია. რამდენი სასარგებლო რამის მოფიქრება შეიძლება ამ დროს და როგორ ვანიავებთ ამ პლატფორმას. მაგალითად ჯანდაცვის სამინისტრო, ავალდებულებს დამკრძალავ ბიუროს ან ეკლესიებს, რომ აღმართოს დიდი ბანერი წარწერით: „რომ არ მოეწია ამდენი, დღეს შეიძლება ჩვენთან ყოფილიყო“, „რომ აცრილიყო, დღეს შეიძლება ჩვენთან ყოფილიყო“. ეს ასე არ ხდება. რატომ? რადგან არ შეიძლება ადამიანის ტკივილით აგიტაცია.
სისხლის სამართალში საქმე სხვაგვარადაა. სხვაგვარადაა რადგან სასჯელი, ტკივილად არ აღიქმება. თანამედროვე სახელმწიფოებში სასჯელის უტილიტარისტული ფუნქცია - სასჯელი, როგორც საზოგადოების დაცვის ინსტიტუტი, სისხლის სამართლით პოლიტიკური ქულების დაწერის კარგად ნაცადი ხერხია. სასჯელის გამოყენება სახელმწიფოს უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს მოიწყოს შეუდარებელი პლატფორმა და ყოველ ჯერზე გვიმეოროს რა არის სწორი და რა არასწორი.
ამ პირობებში სასამართლოს გზავნილი ცხადი უნდა იყოს. რეალურად მათი საქმე ტკივილის განაწილებაა, ხოლო მიზანი - სახელწიფოსთვის სარგებელი. რადგან სისხლის სამართლის სასამართლო გამოიყენება, როგორც პედაგოგიური დაწესებულება, რომელმაც სახელმწიფოს გარკვეული სარგებელი უნდა მოუტანოს, მათი მხრიდან რაღაც საკითხებზე დაეჭვება ან მორალური დებატის გამართვა არ იქნება სწორი. სისხლის სამართალში ქმედება, ანუ დანაშაული, ცენტრშია, მის მეორე პროდუქტთან - ტკივილთან ერთად. სამართლის ამ დარგის ეს თვისება ზუსტ თანხვედრაშია უტილიტარისტულ აზროვნებასთან: სტიმული, პასუხზე მეტია. ნეო-კლასიციზმის დამსახურებული სასჯელის, ანუ პროპორციული სასჯელის იდეა ამის აშკარა მაგალითია. იმისთვის, რომ პედაგოგიური ფუნქცია შეასრულო, გზავნილი მარტივი უნდა იყოს: დანაშაული, სასჯელზე მეტი უნდა იყოს. სისხლის სამართლისათვის ადამიანის ტკივლით აგიტაცია ყოველდღიურობაა.
ყველასათვის მისაღები გარემო
არსებობს ქართული ფილმები, რომლებსაც საზღვარგარეთ ვერ გაყიდი. ანალოგიურად, არსებობს, რაღაც ფილმები, რომლებიც მხოლოდ ინდოეთში იყიდება და ა.შ.
იგივე შეიძლება ითქვას კარგ ლიტერატურაზეც. ჩვენ უნდა შეგვეძლოს კარგად გააზრება. აღწერილი ქმედება, დილემები, სავარაუდო გამოსავალი, შესაძლებლობა უნდა გვქონდეს წაკითხული გავითავისოთ, თავი საკუთარ სახლში ვიგრძნოთ. ეს მომენტი აღიარებაა იმისა, რომ დადგმის რაღაც ელემენტები გვესმის და მისაღებია, როგორც ჩვენთვის ისე იმ საზოგადოებისთვის, სადაც ვცხოვრობთ.
ამ კუთხით სისხლის სამართლის ორი ასპექტია გამოსაყოფი. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს დანაშაულის კონტროლის სისტემაში ტკივილის საერთაშორისო გამოყენება. იმ საზოგადოებებში, რომლებიც ტკივილის შემცირებაზე არიან მომართულნი, ყველაფერი პირიქითაა. ტკივილის განაწილება დანაშაულის საკონტროლო მთავარი იარაღია. დღევანდელ პირობებში იმ სახელმწიფოებში, რომლებშიც პროპორციული სასჯელის სისტემა ყველაზე სამართლიან სისტემადაა მიჩნეული, მის უკან ფარული მიზნები დგას. ეს მიზანი დამნაშავისათვის ტკივილის მიყენებით, სხვა ადამიანების დაშინებაა. მე ვისჯები, რადგან შენ, ის და ისინი ცხოვრების სწორ გზაზე იდგეთ. სწორედ ეს არის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების მთელი ოპერაციის არსი. ცხადია ეს იდეა ჰარმონიულ თანხვედრაშია უტილიტარისტულ აზროვნებასთან. ტკივილის როგორი ფუჭი განიავება იქნებოდა მას რომ აღმზრდელობითი დატვირთვა არ ჰქონდეს. თუმცა თუ სხვებისათვის ჭკუის სასწავლებლად ადამიანისათვის ტკივილის მიყენების იდეას მორალურად შევაფასებთ, მაშინ ზოგიერთი ჩვენგანისთვის ეს მთლად მისაღები არ იქნებოდა, თავს სახლში ვერ ვიგრძნობდით.
რისი თქმა მსურს?
მივყავართ თუ არ ამ კრიტიკას სადმე? მე მგონია, რომ კი. ზემოთ დავასახელე სამი მთავარი სისუსტე რაც სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ხელით შექმნილ პიესებს აქვთ: უნივერსალურობის ნაკლებობა, სიმარტივე და შექმნილი გარემო. ახლა წარმოვიდგინოთ თეატრალური დადგმა ამ დეფექტების გარეშე. ვეცადოთ სცენარი მისაღები გავხადოთ. რა სურათი გვექნება? სიმარტივის განკურნებისთვის რამდენიმე წამალი არსებობს. პირველ რიგში ეს სამოქალაქო სამართლისკენ წასვლაა, ამით ჩვენს დრამას უფრო საინტერესოს გავხდით. სამოქალაქო სამართალი ნაკლებად შემზღუდავი და რეპრესიულია, მას მეტი მოქნილობა გააჩნია სისხლის სამართალთან შედარებით. ამის შემდეგ, რაც უფრო ნაკლები პროფესიონალი იქნება ჩართული ამ პროცესში მით უფრო საინტერესო იქნება ის. სამართლებრივი ტრენინგი ისეთი ტიპისაა, რომელიც რელევანტურ ფაქტორების მწირ არჩევანს ტოვებს. ამ დროს კანონის მარტივად მიყოლას გვასწვალიან. ამას გარდა, რაც უფრო შევზღუდავთ სარგებელზე ორიენტირებულ აზროვნებას, მით უფრო საინტერესო იქნება დადგმაც. უბრალოდ ეცადეთ წარმოიდგინოთ სასამართლოს ისეთი „სცენა“, რომელსაც პედაგოგიური ფუნქცია არ ექნება. სახელმწიფოსთვის სასარგებლო მიზნის გარეშე, რაც დღეს ტკივილის განაწილებაშია გამოხატული, სასამართლოს თავისი ქცევის გასამართლებელ სხვა მიზნებზე მოუწევს ფიქრი. ცხადია ისინი უფრო მეტ დროსა და ენერგიას დახარჯავენ კონკრეტული მორალური დილემის გადასაწყვეტად. ეს კი თავად მართლმსაჯულების იდეის საუკუნოვანი მარწუხებიდან გამოყვანისათვის დიალოგის გახსნის შესაძლებლობაა. ამ დროს არა მხოლოდ ის გადაწყდება თუ რა არის ბრალის ხარისხი, არამედ ისიც, ინდივიდუალურ საქმეში, რა იქნება ტკივილის სათანადო ოდენობა.
როდესაც ტკივილის მიზანი სხვების დაშინებაა, ყველა ქმედებისთვის სასჯელი წინასწარ უნდა იყოს განსაზღვრული. მაგალითად, კონკრეტული ნარკოტიკული დანაშაულის მოხმარებისთვის სასჯელი 3 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მაგრამ თუ სასჯელს არ ექნება დაშინების მიზანი, მაშინ შესაძლებელი ხდება მსჯელობა იმის თაობაზე თუ რამდენად საკმარისია 3 წელი. რატომ 12 წელი არა? ან რატომ 3 თვე არა? როდესაც სასჯელს სარგებლის ელემენტს მოაცილებ დიდი სივრცე რჩება მორალისთვის.
ამ ყველაფრის უკეთ გასაგებად ყოვლად მიტოვებული მორალური პრობლემის მაგალითს მოვიყვან. მიტოვებული იმდენად, რამდენადაც ის უტილიტარულმა აზროვნებამ შეიწირა. რა სხვაობა უნდა იყოს სასჯელებს შორის, პირველად მსჯავრდებული პირისა და რეციდივისტის შემთხვევაში? ტრადიციული პასუხია, რომ რეციდივისტი უფრო მძიმე სასჯელს იმსახურებს. სამაგიეროს მიზღვაზე ორიენტირებულმა ქართულმა ნეოკლასიკურმა სასჯელის სისტემამ (არა მხოლოდ ქართულმა) დეკლალირებულად დამამძიმებელ გარემოებად გამოაცხადა რეციდივი. საზოგადოებას დაცვა სჭირდება. მაგრამ რა უცნაური მორალური გზავნილია სასჯელის გაზრდა იმ ადამიანისათვის ვინც უკვე დასჯილია, ვისაც უკვე მიადგა ტკვილი. ყველა ეთანხმება დანაწესს, რომ თუ ერთხელ განზრახ მოგაყენეს ტკივილი, მეორე ჯერზე უფრო მეტი დოზით ტკივილს იმსახურებ. რაც უფრო მეტად გირტყავს ცხოვრება, მით უფრო მეტი უფლება აქვთ სახელმწიფოს სახელით მოქმედ მოხელეებს კიდევ უფრო მაგრად დაგარტყან. არადა როგორ გადახალისდებოდა მორალური დებატები ისეთ შემთხვევაში, როცა მოსამართლე ამის საწინააღმდეგოდ მოიქცევა და ყოველ ახალ დანაშაულზე უფრო ნაკლებ სასჯელს დანიშნავს. ამ დამნაშავეს სახელმწიფომ ყველაზე დიდი ტკივილი პირველ ჯერზე მიაყენა, მისი ცხოვრება სწორედ პირველმა ტკივილმა შეცვალა, ამ ტკივილის გამო ის ნორმალური არასდროს არ იქნება, ამის გამო შემდეგ ჯერზე უფრო ნაკლებს იმსახურებს.
წარმოიდგინეთ, რომ სასჯელს სარგებელი ან მიზანი არ ჰქონდეს, მაშინ როგორი სასჯელის სისტემა გვექნებოდა?
ამ საკითხში სიღრმისეულად შესვლა ამ ნაკრვევში არ გამოვა, თუმცა ერთი რამ უნდა ითქვას, რომ მნიშვნელოვანია სასჯელის სისტემა ადამიანებისთვის ნაცნობ გარემოს ქმნიდეს. არარეალურია ქვეყანამ სრულიად ახლებური რამ მოიფიქროს და ასევე, წარმოუდგენელია სასჯელის სისტემას შეუსრულებელი მისია დავაკისროთ. ასეთ შემთხვევაში არც დრამა ივარგებს.
მეორე მხრივ, ეს ყველაფერი წარმოშობს კითხვებს ყველა სასჯელის საერთო ეფექტების შესახებ. რა არის კონკრეტულ საზოგადოებაში გასანაწილებელი ტკივილის ზუსტი ოდენობა? რამდენი მსჯავრდებული უნდა ჰყავდეს ქვეყანას? ტკივილთან დაკავშირებული რა რეალობები და თეორიებია საჭირო იმისათვის, რომ თავი სახლში ვიგრძნოთ, რომ ნაცნობი გარემო შეიქმნას? ასეთ კითხვებზე პასუხის ძიებამ შეიძლება მიგვიყვანოს პასუხამდე თუ რა მაქსიმალური ტკივილის გამოყენება იქნება აუცილებელი ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ შეიძლება ზღვრებიც დავადგინოთ. რა იქნება მისაღები გარემო, 100 000 მოსახლეზე 20 მსჯავრდებული, 50 მსჯავრდებული თუ 300-ზე მეტი? მხოლოდ სათანადო რაოდენობის ტკივილის განაწილების საკითხის გადაწყვეტის შემდეგ იქნება ამ კითხვაზე პასუხი შესაძლებელი.
მისაღები გარემო მხოლოდ მაშინ შეიქმნება და შენარჩუნდება, როდესაც სისხლის სამართალში გაბატონებული უტილიტარისტული მიდგომები უფრო რთულად მისაღები იქნება. წარმოიდგინეთ რამხელა თავისუფლება იქნებოდა. უტილიტარისტული აზროვნების ნდობასთან დაკავშირებით კითხვების გაჩენა ჩვენ შესაძლებლობას მოგვცემს არა მხოლოდ სასჯელის შედეგები გარდავქმნათ მისაღებად, არამედ სისხლის სამართლის მიზნებთან დაკავშირებით დავსვათ ახალი კითხვები. თუ სისხლის სამართალი თავს ვერ ართმევს დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას, მაშინ ის სხვა მიზნებისთვის შეიძლება გამოიყენებოდეს, კერძოდ იმის გასაგებად თუ რატომ მოიქცა ადამიანი ისე, როგორც მოიქცა და რა სხვაობებია ადამიანთა ღირებულებებს შორის, რომელიც შემდეგში ღირებულებათა კონფლიქტად გადაიქცევა ხოლმე. თუმცა ცოტა თუ აღიარებს იმ მარტივ ჭეშმარიტებას, რომ სისხლის სამართალი დანაშაულის კონტროლის ყველაზე ნაკლებად ქმედითი საშუალებაა.
მედალს მეორე მხარეც აქვს. მისაღები გარემოს შექმნა სახიფათო წამოწყებაა. მისაღებ გარემოს კონკრეტული საზოგადოება და კულტურა ქმნის. რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ კონკრეტული საზოგადოებისთვის მისაღებია არსებულზე მეტი და მკაცრი სასჯელი. რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ საზოგადოების დიდი ნაწილისთვის პოლიციის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტება მისაღებია, იმ შემთხვევაში თუ 4 მილიონ მოსახლეზე 24 000 მსჯავრდებული ყოველდღიურობაა, ან სიკვდილით დასჯა დასაშვებია?
არ მაქვს პასუხი, გარდა ამ სამისა:
1.დემოკრატიული პროცესის არსი: სასჯელის სისტემა და შესაბამისად, სისხლის სამართლის სისტემა დემოკრატიულ საზოგადოებაში იმაზე უკეთესი ვერ იქნება ვიდრე ის ხალხია ვისაც ის ემსახურება. თუ ქართველებს ასე გვწყურია დასჯა და აკრძალვა, ჩვენი სისხლის სამართლის პოლიტიკაც ზუსტად ასეთი იქნება. მაგრამ ამ შემთხვევაშიც კი, მნიშვნელოვანია შედეგებზე ფიქრი. ამ პროცესებს ობიექტურად ვერ შევხედავთ თუ სასჯელი წარმოდგენილია, როგორც განკურნება ან რესოციალიზაციის, ან ხელახლა აღზრდის ხელსაწყო. ყველაფერს სახელი უნდა ეწოდოს. სასამართლო საზოგადოების ძირითადი მახასიათებლების გამტარი უნდა იყოს. შემდეგ ეს მახასიათებლები უნდა შეფასდეს. თუ გულწრფელები ვიქნებით ეს შეფასება გამოავლენს იმ ცუდ გარემოს, რასაც სისხლის სამართლის სისტემა ან პოლიტიკა გვთავაზობს. გულწრფელობის შემთხვევაში შეიძლება იმის დანახვა, რომ კონკრეტული სისხლისსამართლებრივი პოლიტიკა არ მუშაობს. ამ დაკვირვების შემდეგ შეიძლება მოგვიწიოს იმის აღიარება, რომ ნამდვილ სისხლისსამართლებრივ რეფორმას, უფრო ფართო პოლიტიკური რეფორმა სჭირდება. დანაშაულის კონტროლის სისტემა, ყოველთვის ქმნის ქვესისტემებს. ეს ქვესისტემები კი ის სარკეა, რომელიც საზოგადოებას თავის რეალურ სახეს ანახებს.
2.ადამიანები უნდა დაუახლოვდნენ სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემას: დეცენტრალიზებული მართლმსაჯულება ერთი გამოსავალია, არაპროფესიონალი ადამიანების მონაწილეობა მეორე. ამ უკანასკნელ შემთხვევაში ნამდვილად არაპროფესიონალი ადამიანების ჩართულობა იგულისხმება და არა ის ფარისევლობა, რაც ახლაა, როდესაც ადამიანის მსაჯულად შერჩევა უფრო რთულია ვიდრე ადამიანისათვის უვადო თავისუფლების აღკვეთის მისჯა. საგულისხმოა ისიც, რომ საქართველოში დამნაშავეთა უმეტესობა, რომლებსაც ნაფიცი მსაჯულების სასამართლოს წინაშე უწევთ თავის დაცვა, ძირითადად 29 წლამდე ასაკის მამაკაცები არიან, ხოლო მსაჯულები სხვა თაობის ადამიანები, რომელთა შორის ღირებულებათა დიდი უფსკრულია. რა კარგი უნდა მოიტანოს ამ ყველაფერმა, გარდა იმისა, რომ რომელიმე ანგარიშში მიეთითოს ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის წარმატებების შესახებ?
3.მოსამართლეების მხრიდან სასჯელის დანიშვნისას ახალ გაიდლაინებზე ფიქრი, რომელიც სახელმწიფოს მიერ კი არ არის დადგენილი, არამედ დამყარებულია უფრო ღრმად გამჯდარ ნორმებზე. ცხადია ეს მიდგომა მოძველებულად იქნება მიჩნეული. მარტივად ამ ყველაფერში ბუნებითი სამართლის მოდერნიზაციას ვგულისხმობ. სიტყვა „მოდერნიზაცია“ განზრახ არის გამოყენებული. ამის მიზეზი ისაა, რომ ბუნებითი სამართალი სულ ჩვენს გარშემო იყო და არის, ხანდახან ის ფარულია, ხანდახან არა. თუმცა რაციონალურ, უტილიტარისტულ აზროვნებაში მისი ადგილი ნაკლებად იძებნება. სწორედ ამიტომ ის დამალულია. სწორედ ამიტომ, ჩვენთვის ისაა მისაღები, რასაც 150 ადამიანი ამბობს, რომლებიც სამართლებრივი ნორმების საბოლოო არბიტრებად ითვლებიან. აქედან გამომდინარეობს ისიც, რომ სწორედ ეს ხალხია სასჯელის გამოყენების ნორმატიულ ბაზისის დადგენის საბოლოო არბიტრიც. ასეთი მიდგომა აუფასურებს ადამიანის უფლებების იმ გაგებას, რომლის მიხედვითაც ის დაწერილ სამართალზე მაღლა მდგომია. ასეთი მიდგომა, სამოქალაქო დაუმორჩილებლობასაც არალეგიტიმურად აქცევს.
ამას გარდა, თუ პოლიტიკური უმრავლესობის მიერ მიღებული კანონი ამავდროულად ქვეყნის კანონია, მაშინ რა აზრი აქვს უნივერსიტეტებში სამართლის სწავლებას? თუ სამართალი პოლიტიკური უმრავლესობის მიერ დადგენილი წესებია, მაშინ დამოუკიდებელი სამართლის სკოლების არსებობაც აზრს მოკლებულია. თუ სამართალი მმართველ პარტიას ეკუთვნის, იურისტი უბრალოდ ტექნიკოსია, რომელიც უმჯობესია თავად ადმინისტრაციის შიგნით მომზადდეს. მართლაც, სწორედ ეს ტენდენცია შეინიშნება. საქართველოში თითქმის ყველა სამინისტროს თავისი სასწავლო ცენტრი აქვს. მათთვის ცენტრის გარეთ მიღებული განათლება არაფერს ემსახურება, ან მხოლოდ ბაზისი შეიძლება იყოს. მათთვის მთავარი სწორედ შიდა გადამზადების კურსია და მხოლოდ ამ კურსის წარმატებით გავლის შემთხვევაშია დასაქმება შესაძლებელი. უნივერსიტეტები არასანდო პარტნიორები არიან. მათ შეიძლება ამ სამინისტროების მხრიდან კანონის ცალკეული განმარტება გააკრიტიკონ. მათ შეიძლება მკაფიოდ დაწერილი მოთხოვნის უკან რაიმე განსხვავებული პრინციპი იპოვონ. ამიტომ ვის სჭირდება მათი აზრი? სჯობს აზროვნების დინება თავად სასწავლო ცენტრებმა განსაზღვრონ, რადგან მათ უკეთ იციან. ამიტომ თუ პარლამენტისაა საბოლოო სიტყვა და ამის იქით, მხოლოდ სხვების აზრების ფორმალური მოსმენაა, მაშინ რა აზრი აქვს სამართლის სწავლას უნივერსიტეტში?
ჩემთვის არსებობს სამართლის რაღაც პრინციპები, რომელთა უგულებელყოფა დაუშვებელია და ისინი ბევრად ადრე არსებობდნენ ვიდრე ნებისიერი დაწერილი კანონი იარსებებდა. ეს თავის მხრივ, წარმოშობს კითხვას იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა ვიპოვოთ ეს პრინციპები? უნდა გამომდინარეობდეს ისინი რაიმე რელიგიური პრინციპებიდან, თუ უნდა შეიქმნან ისინი რაღაცის ძიების პროცესში?
ვინ უნდა იყვნენ ჩვენი მეგობრები ამ ძიების პროცესში? მგონი ისინი კრიმინოლოგები, სოციოლოგები და ქცევითი მეცნიერების მიმდევრები არ უნდა იყვნენ. ამ კატეგორიის ხალხში ძალიან გამჯდარია პოლიტიკური აზროვნება - მიზეზი და შედეგი, სტიმული და მასზე პასუხი. არც სოციალური მუშაკებისა და ფსიქიატრების ადგილი უნდა იყოს ამ პროცესში. ძალიან ადვილია სიკეთის კეთება რუტინად აქციო, ხოლო ადამიანი ინსტრუმენტად. შეიძლება შექსპირზე ან იბსენზე უკეთესი თანამგზავრი ამ პროცესში არც არავინ იყოს. ლოგიკურიცაა, მათი ხელით შექმნილი დრამა გაცილებით მრავლისმომცველია და მეტი კონტროლის ფუნქცია აქვს, ვიდრე სისხლის სამართლის პრაქტიკოსების მიერ შემქნილ დრამას, რომლის მთავარი ფუნქცია არა დანაშაულის კონტროლი, არამედ ხალხის ემოციების კონტროლია.




